დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ ანკლავში - ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. სულ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე პრეტენზიას 11 ადამიანი აცხადებს. თავდაპირველად "კანდიდატთა" რაოდენობა 17 იყო, დღეისათვის კი მათი რიცხვი 11 -მდე შემცირდა.
აღსანიშნავია რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 13 ნოემბერს სეპარატისტები ასევე ჩაატარებენ რეფერენდუმს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ენის სტატუსის შესახებ.
ე.წ. საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონს გამოეთიშნენ: საბავშვო-ახალგაზრდული სპორტული სკოლის მასწავლებელი ალან კოჩიევი და ე.წ. თავდაცვის სამინისტროს არტილერიის უფროსი ედუარდ გაბარაევი.
ოსური მხარის ინფორმაციით, ალან კოჩიევმა თავისი კანდიდტურა ე.წ. კანდიდატ ანატოლი ბიბილოვის სასარგებლოდ მოხსნა, ედუარდ გაბარაევმაკი ე.წ. კანდიდატ გიორგი გაბარაევის სასარგებლოდ. არჩევნებში ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი კერჭს არ იყრის და მისივე განცხადებით მხარს ანატოლი ბიბილოვს უჭერს. მარათონს ასევე გამოეთიშნენ: რესპუბლიკური საავადმყოფის განყოფილების უფროსი აივარ ბესტაევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის დეპუტატი" მერაბ ჩიგოევი, ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ ალბოროვი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის დეპუტატი" ინალ ბაზაევი.
ამ დროისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" პოსტზე პრეტენზიას 11 კანდიდატი აცხადებს. ესენი არიან:
ალა ჯიოევა - განათლების ე.წ. ყოფილი მინისტრი;
ანატოლი ბიბილოვი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსი; ალან კოტაევი - ცხინვალის ე.წ. მერის პირველი მოადგილე;
ვლადიმერ ქელეხსაევი - ე.წ. ყოფილი დეპუტატი;
ალან ფლიევი - ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ვადიმ ცხოვრებოვი - პურპროდუქტების ქარხნის დირექტორი;
გიორგი კაბისოვი - ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;
დიმიტრი ტასოევი - გაუქმებული სოციალ-დემოკრატიული პატრიის ლიდერი;
სერგეი ბიტიევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მთავარი აღმასრულებელი;
ჯემალ ჯიგკაევი - ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე'
სოსლან თედეტი - ე.წ. შს სამინისტროს მაღალჩინოსანი;
ე.წ. ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრებაზე უარი უთხრა:
მხატვარ გენო ქაჯაევს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადვოკატების პალატის წევრს ვასილი ბესტაევს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ლევ გაგიევს, ე.წ. სახრეთ ოსეთის ყოფილ "თავდაცვის მინისტრს" ვალერი თედეევს და თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლატ თედეევს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ოს სეპარატისტთა ლიდერის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და იგი ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევა.
სეპარატისტებმი ამ ე.წ. არჩევნებისათვის 86 საარჩევნო უბნის გახსნას გეგმავენ. მათ შორის ერთი გახსნილი იქნება მოსკოვში, ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი - აფხაზეთში. ოსური მხარის ინფორმაციით, არჩევნებს 80 ზე მეტი დამკვირვებელი დაკვირდება და მათ 50-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს.