ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი 13 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა ე.წ. მინისტრს ანატოლი ბიბილოვს მისცემს. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და ნაწილობრივ მოუწოდა კიდეც მოსახლეობას, მის მაგალითს მიჰბაძონ.
კოკოითიმ გამოხატა იმედი, რომ ე.წ. რესპუბლიკის "ახალი ლიდერი რუსეთთან ინტეგრაციის კურსს გააგრძელებს".
"სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იყო და იქნება რუსეთთან. სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იყო და იქნება რუსეთის მადლიერი, სწორედ რუსეთის გაბედული ნაბიჯების გამო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა უკვე მეოთხე წელია მშვიდობიანად ცხოვრობს", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას კოკოითიმ ე.წ. პრეზიდენტობის ერთ-ერთ ყოფილ კანდიდატზე ჯამბოლატ თედეევზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ "მხოლოდ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის კეთილი ნებით გადაურჩა ციხეს".
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს უნდა გაიმართოს.