არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა ეკა ბესელიას შვილისა და ძმის დაპატიმრების საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.
განცხადების ტექსტი ჟურნალისტებს დღეს მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ოფისში "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ გააცნო.
ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს სიხლის სამართლის დევნა რატი მილორავას, ბესო ბესელიას, მათთან ერთად მსჯავრდებულ ვალერი კილარჯისა და როინ ცაგარელის მიმართ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამან სათავე უნდა დაუდოს საქართველოში პოლიტიკურ და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლებას.
"2009 წელი საქართველოში იყო პოლიტიკური დევნის, რეპრესიების და ადამიანის ძირითადი უფლების ხელყოფის კიდევ ერთი წელიწადი. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, წელს საქართველოში 40-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი იხდის სასჯელს. პოლიტიკური დევნა ყოველგვარ მასშტაბებს გასცდა 2009 წლის დეკემბერში. სასამართლომ საქმეზე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პტიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას ძმას, ბესო ბესელიას და არასრულწლოვან შვილს, რატი მილორავას",- ნათქვმია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.
ამასთან, ოპოზიცია სრულიად საქართველოს ულოცავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და 2010 წლის დადგომას.
"2010 წელი უნდა გახდეს საქართველოს გაერთიანების, სამართლიანობისა და ღირსების აღდგენის წელიწადი, რისთვისაც ჩვენ გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას", ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე, ზურაბ ნოღაიდელი, სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძე, "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, "ლეიბორისტებიდან" კახა ძაგანია, აგრეთვე - კოკა გუნცაძე, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემელაძე, გოგა ხაინდრავა