ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანებისკენ ისწრაფვის, თუმცა პირველ ეტაპზე მასთან მოკავშირე სახელმწიფოს შექმნა სურს. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ გააკეთა.
"რუსეთი ჩვენთან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს წარმართავს - ეს ურთიერთობები სრულფასოვანი, ცივილიზებული, კეთილმეზობლურზე მეტია. როდესაც მოკავშირე სახელმწიფოზე ვლაპარაკობდი, არასწორად გამიგეს და ეს რუსეთ-ბელორუსის კავშირში შესვლის სურვილად მიიჩნიეს", _ აცხადებს კოკოითი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბელორუსს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" არ უღიარებია.
"ბელორუსს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია და ამიტომაც არავითარი კავშირი სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არ აღიარებენ, არ შეიძლება იყოს. მე რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოზე ვსაუბრობდი და თუკი მას სხვებიც შეუერთდებიან, კი ბატონო", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა და აღნიშნა, რომ ოსი ხალხის გაერთიანება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეიძლება.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ გაეროს წევრი სოლიდური სახელმწიფოები.
"ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ სამხრეთ ოსეთის ფართო აღიარება შეუქცევადი პროცესია. აღიარებები იქნება და ასევე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ უახლოეს მომავალში დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ ოსეთის დროშა ამაყად იფრიალებს გაეროს შენობის წინ", _ აცხადებს კოკოითი.