"ვფიქრობ, რომ მთავარი ჩვენი პრიორიტეტი იქნება განათლება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, კახეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრაზე. პრეზიდენტმა კახეთში "ჯეოსელის" კლასი გახსნა.
"აქ გავხსენი ახალი კლასი, რომელიც კოსმოსურ გემს ჰგავს. სინამდვილეში, ეს არის ბოლო ტექნოლოგიები. ეს არ არის 22-ე საუკუნე, ეს არის ის რაც დღეს არის, ასე გავაკეთებთ დანარჩენ საქართველოშიც მომავალ წელს. პირველკლასელებს, როგორც იცით, ნეტბუქები ურიგდებათ, რომელიც საქართველოშია წარმოებული და სულ უფრო ჩავანაცვლებთ ქართული დეტალებით" - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ "ძალიან გაახალგაზრდავდა პოლიტიკა, ბიზნესი, მეცნიერება, ჟურნალისტიკა".
"ამიტომ რასაც თქვენ გააკეთებთ, არის მნიშვნელოვანი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ასაკის ხალხი ვერ მოემზადება", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პრეზიდენტი 4 რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა. 120 საუკეთესო მოსწავლემ პრეზიდენტისგან პორტატული კომპიუტერი მიიღო საჩუქრად. ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანისა და თელავის წარჩინებული მოსწავლეები პრეზიდენტს სახლ-მუზეუმში შეხვნდნენ. სააკაშვილმა კომპიუტერი ყველა იმ მეათეკლასელს გადასცა, ვინც სკოლას წარჩინებით დაასრულა. "დარწმუნებული ვარ, ილია ჭავჭავაძეს, რომლის იუბილე მომავალ წელს სრულდება, გული გაუნათდებოდა, რომ ენახა განახლებულ სახლ-მუზეუმში ამდენი ნიჭიერი, განათლებული თანამემამულე", განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს კახეთზე, რადგან ძალიან ბევრი რამეა კახეთში გასაკეთებელი.