დღეს, 4 ნოემბერს, 12:30 საათზე, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ოზურგეთში (ჭავჭავაძის ქ. #14) სამოქალაქო ჩართულობის პირველ ცენტრს გახსნის. ელჩი ბასი, ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროს ეკონომიკური განვითარების გეგმას განიხილავს. შეხვედრა ღიაა ჟურნალისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.
ოზურგეთის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ამერიკის მთავრობის დაფინანსებით იქმნება. ანალოგიური ცენტრები ქუთაისში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, რუსთავში, მარნეულსა და გურჯაანშიც გაიხსნება. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრები ადგილობრივ საზოგადოებას შესთავაზებს ასპარეზს აქტუალური საკითხების განსახილველად. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრების შესაქმნელად ამერიკის მთავრობა 5 მილიონ დოლარს გაიღებს. პროექტს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს.
სამოქალაქო ჩართულობის თითოეულ ცენტრს ექნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტი. ცენტრებში იმუშავებენ პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც დაეხმარებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და არჩეულ ოფიციალურ პირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებაში, განსაკუთრებით, 2012 და 2013 წლების არჩევნების წინა თვეებში. სამოქალაქო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შეუძლიათ, უსასყიდლოდ გამოიყენონ ცენტრები შეხვედრების გასამართად.
ცენტრების მეშვეობით, აშშ მთავრობა ეხმარება ქართველ ხალხს, უფრო აქტიურად ჩაებას ქვეყნის დემოკრატიის აღმშენებლობის პროცესში.