პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის შეფასებით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით ქვეყანაში წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი შემუსავდა.
"მათ შორისაა "თავისუფლების აქტი", რომელიც ინვესტორებს არწმუნებს ჩვენი კურსის შეუქცევადობაში და იმაში, რომ გადასახადები არ გაიზრდება, იქნება ლიბერალური გარემო. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იყო "ფარმაცევტული სექტორის რეფორმა", რამაც ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გაზარდა და "სტატისკიტის შესახებ" კანონი, რომელიც მომავალი წლიდან ამ დეპარტამენტს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოაყალიბებს", - განაცხადა გილაურმა.
სტატისკიკის დეპარტამენტის რეფორმირებაზე საუბრისას, მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების შემდეგ მას "საქსტადი" დაერქმევა და ეყოლება საკუთარი ბორდი, რომელსაც პრეზიდენტი დაამტკიცებს.
გარდა აღნიშნულისა, წლის განმავლობაში გაწეული მუშაობიდან პრემიერი მთავრობის წარმატებად სახაზინო ვალდებულებების და ევროობლიგაციების გამოშვებასაც ასახელებს.
ამასთან, გილაურის შეფასებით, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ნიშნების გაჩენისთანავე იმატა უძრავი ქონებისა და ავტომობილების რეგისტრაციის რიცხვმაც.
რაც შეეხება საბანკო სექტორს, მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, დეპოზიტები რეკორდულად მაღალია და დაიწყო საკრედიტო პორტფელების ზრდაც.
პრემიერი წლის მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებს გადასახადების შემცირებას (25%-დან 20 %-მდე), პენსიების ზრდას (პირველ კვარტალში 5 და მესამე კვარტალში 5 ლარით), სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამის ამოქმედებას (დაფინანსდა 130 სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების ხარჯი), სოფლის პროგრამის მხარდაჭერას (დაიხარჯა 20 მლნ ლარი), სკოლების რეაბილიტაციას (20 მლნ ლარი) და იაფი დაზღვევის პროგრამას (120 ათასი მოქალაქეა ჩართული), რომელიც, მისი თქმით, მომავალ წელსაც გაგრძელდება.