ქდმ-ს ლიდერები ლევან ვეფხვაძე და გიორგი ახვლედიანი დღეს სამტრედიის რაიონის სოფელ გომში ჩავიდნენ და ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგებს ადგილზე გაეცნენ. მათი განცხადებით, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, სამტრედიაშიც ამერიკული სიმინდის მოსავალმა მინიმალურადაც ვერ გაამართლა მოსახლეობის იმედები.
"ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირება სანახევროდაც ვერ შესრულდა. ჩვენ ვნახეთ ოჯახები, რომელთაც ცუდად დაგეგმილი პროგრამის გამო მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ და ზამთარს შიმშილის ზღვარზე ხვდებიან. თერთმეტმა ოჯახმა, საერთო ძალისხმევით, 13 ჰექტარზე დათესა ჰიბრიდული სიმინდი, რისთვისაც ბანკიდან 14 ათასი ლარის კრედიტი გამოიტანეს, ახლა კი კატასტროფულად მცირე მოსავლის გამო ვერც დავალიანების გადახდას ახერხებენ და ვერც ოჯახების გამოკვებას. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დაზარალებული ფერმერები განვადებით დარიგებული თესლის გადასახადს აღარ გადაიხდიან" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, აუცილებელია კონკრეტული შემთხვევების შესწავლა და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ, კომპენსაციის გამოყოფა. ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენას და ამ მიმართულებით დასახული გეგმების გაცნობას "ქრისტიან-დემოკრატები" სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრისგან გეგმავენ. ზაზა გოროზიას საპარლამენტო ფრაქცია უახლოეს დღეებში დაიბარებს.