აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის "Human Rights Watch"-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ჰიუ უილიამსონი და მისი მოადგილე რეიჩელ დენბერი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში ამ ორგანიზაციამ მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა.
აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა უკმაყოფილება გამოხატა, ანგარიშში მოყვანილი ზოგი კრიტიკული გამონათქვამისა და შენიშვნის გამო. მისი თქმით, მათი უმეტესობა არაობიექტურია.
"ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გალის რაიონში აფხაზეთის სხვა რაიონებისაგან არ განსხვავდება. ანქვაბმა ისაუბრა მდინარე ენგურის გადაკვეთაზე, რომელიც ანგარიშშია ნახსენები და აღნიშნა, რომ ამჟამად საშვის მიღების წესები გამარტივებულია. კერძოდ, გალის რაიონის მცხოვრებლები ამისათვის უკვე ქალაქ გალში აღარ ჩადიან და საბუთს სოფლის ადმინისტრაციებში აკეთებენ", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ანქვაბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გალის რაიონის 10 ათასზე მეტმა მცხოვრებმა აფხაზური პასპორტი უკვე მიიღო და ეს პროცესი გრძელდება.
ანქვაბი ასევე კატეგორიულად არ დაეთახმა ანგარიშში მოყვანილ გამონათქვამს იმის შესახებ, რომ პასპორტიზაციას გალის რაიონში დისკრიმინაციული ხასიათი აქვს.
ანქვაბი შეეხო გალის რიონში ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ "ქვეყნის ხელისუფლება გალის რაიონში არსებულ საავადმყოფოს ნალებ ყურადღებას არ უთმობს, ვიდრე აფხაზეთის სხვა რაიონებში მდებარე საავადმყოფოებს".
ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ გამონათქვამებს ემთხვევა.
"თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი ამოცანა აფხაზეთის ხელისუფლების დისკრედიტაციაა, მაშინ ჩვენს შეხვედრევს აზრი არ აქვს და ამის გაკეთება აფხაზეთში ჩამოსვლის გარეშეც შეიძლება", _ განაცხადა ანქვაბმა.