გურჯაანის რაიონის სოფლებში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება. ამის შესახებ გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის სხვადასხვა სოფლებიდან აცნობეს. გლეხების თქმით, საქონელი თურქულით არის დაავადებული, დახმარებისთვის ვეტერინარიის ადგილობრივ სამსახურებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
„სოფელ ჩუმლაყში ათობით სული საქონელია დავარდნილი და იხოცება. ვეტერინარიის სამსახურის უფროსს ავთო ზარდიაშვილს მივმართეთ, მაგრამ ეგ მე არ მეხებაო გვითხრა და ყურადღება არ მოგვაქცია. ვაქცინაც არ იშოვება, რომ ვიყიდოთ და ავცრათ. ზოგმა დაკლა და ხორცად გაყიდა", - აღნიშნა სოფელ ჩუმლაყის მკვიდრმა ვალიკო რუაძემ.
ვეტერინარიის გურჯაანის სამმართველოს უფროსმა ავთო ზარდიაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვერიკო გულუას განმარტებით, გურჯაანის რაიონის სოფლებში დაავადება თურქული არ ფიქსირდება, გავრცელებულია შერეული ინფექციები. „ქსელში თუ თურქულის საწინააღმდეგო პრეპარატი არ არის, ეგ კერძო სტრუქტურების დასარეგულირებელია. ჩვენი ინფორმაციით გურჯაანის რაიონში დაავადება თურქული არ ფიქსირდება. გავრცელებულია სხვადასხვა შერეული ინფექციები, რომელიც თურქულს ძალიან ჰგავს და მოსახლეობა შეცდომაში შედის. პროფილაქტიკურ ვაქცინაციას რისკის ზონებში ყოველთვის ვახორციელებთ. შესაბამისი აცრები უკვე ჩატარდა გურჯაანის რაიონის სოფლებში ვაჩნაძიანში, შაშიანში, მუკუზანში, კალაურში, ველისციხეში, ჭანდარში, ძირკოკსა და ვეჯინში. სულ დაგეგმილია 5250 სული საქონლის აცრა, გუშინდელი მონაცემებით კი უკვე 2000 სული იყო აცრილი. სოფელ ჩუმლაყის შესახებ ინფორმაციას კახეთის რეგიონალურ სამმართველოს მოვაწოდებ, რომ გაითვალისწინონ და შესაბამისი აცრები იქაც ჩატარდეს", - განუცხადა გულუამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.