მეორე დღეა "რუსთავქალაქობა 2011" აღინიშნება. ქალაქის ხელისუფლება რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს.
სადღესასწაულო პროგრამა 15 ოქტომბერს დილიდან, სპორტული ღონისძიებებით დაიწყო და დღეს, 16 ოქტომბერს, მამბოს ცნობილი გერმანელი შემსრულებლის, ლუ ბეგას კონცერტით დასრულდება. "რუსთავქალაქობის" პირველ დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება განახლებული ქალაქის ცენტრალური მოედანი.
ქალაქის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება საპატიო მოქალაქეებსაც დააჯილდოებს. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, გაიმართება როგორც ქორეოგრაფიული, ისე საესტრადო კონცერტები. ქართული მუსიკის მოყვარულებს ანსამბლ "რუსთავის" სოლოკონცერტი და ქართული ჯგუფების: "ფრანის", "რეგიონის", ნიაზ დიასამიძისა და "ჩვენებურების" მუსიკა ელით, თეატრის მოყვარულებს კი პრემიერა - სპექტაკლი "გველისმჭამელი".
სპეციალურად ბავშვებისთვის, მოეწყობა საესტრადო კონცერტიც, სადაც მათ რუსთაველი თანატოლები, ანა-ბანას გამარჯვებულები უმღერებენ. ისინი შეკრებილი პატარებისთვის სოლოსიმღერებსა და ცნობილ მომღერლებთან ერთად დუეტებს შეასრულებენ.