თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლატ თედეევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი აცრცელებს.
"თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლატ თედეევი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების თანხლებით გადაიყვანეს", _ ამის შესახებ განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. პრესსამსახურის უფროსმა თამარა ქელეხსაევამ გააკეთა.
მისივე თქმით, ჯამბოლატ თედეევი, ყველა არსებული შეთანხმებების დარღვევით აგრძელებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დაძაბვას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში და ამ პროცესში სხვა და სხვა რუს სპორტსმენებს რთავდა.
"თუმცა მიუხედავად მათი შუამავლური მოქმედებებისა, თედეევის მოქმედებები არაფერ კარგამდე არ მისულა", _ აცხადებს ქელეხსაევა და აგრძელებს: "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის კეთილი ნების წყალობითა და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის თაიმურაზ მამსუროვის ძალისხმებით, მომავალში თედევის მხრიდან პროვოკაციების თავიდან არიდებისა და მისივე უსაფრთხოების გამო, დღესვე მისთვის გაკეთდა სპეციალური დერეფანი და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჯამბოლატ თედეევი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს", _ აცხადებს ქელეხსაევა.
შეგახსენებთ, რომ ჯამბოლატ თედეევი ოს სეპარატისტთა ლიდერის ერთ ერთ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. მას ცხინვალის ე.წ. ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრირებაზე უარი უთხრა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ჯამბოლატ თედეევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობს.