გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" კიდევ ერთი სამხედრო ქალაქი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე გახსნილი მე-11 რუსული სამხედრო ქალაქია.
"აღნიშნული სამხედრო კომპლექსი სამშენებლო ფირმა "კავკასიის სამხედრო-სამშენებლო განყოფილებამ" ააგო. ობიექტი ექსპლუატაციისათვის ვადაზე ადრე ჩაბარდა.
კომპლექსის ტერიტორიაზე აგებულია 25 ბინიანი საცხოვრებელი სახლი. არის დასასვენებელი ოთახები, სავარჯიში დარბაზები, საბავშვო ბაღი და საუნა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ მეათე სამხედრო ქალაქი რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე გალის რაიონის სოფელ თაგილონში 27 სექტემბერს გახსნეს.
აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხედრო ქალაქები გახსნილი აქვს: გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში, და ასევე სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ რამდენიმე ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.