გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური იწყებენ პროექტს, რომელიც სამეგრელოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
პროექტის პრეზენტაცია დღეს UNDP-ის ზუგდიდის ოფისში გაიმართა. ღონისძიებას იურიდიული დახმარების დირექტორი ირაკლი კობიძე დაესწრო. დღესვე, გაეროს განვითარების პროგრამის, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდისა და ფოთის ბიუროების, ასევე ცენტრ "აფხაზეთის" წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელების დეტალებზე იმსჯელეს.
სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის პროექტში, რომელიც მომავალი წლის ზაფხულამდე გაგრძელდება, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებთან ერთად, სახალხო დამცველის ადგილობრივი ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ზუგდიდში, ხობში, სენაკში, წალენჯიხასა და ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, გაუწევენ კონსულტაციას და აქტუალურ თემებზე შედგენილ პუბლიკაციებს დაურიგებენ. პროექტს რეგიონული რადიო "ათინათი" გააშუქებს.
იურიდიული დახმარების სამსახური, 11 ბიუროსა და 4 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამეგრელოში უფასო იურიდიულ დახმარებაზე მოთხოვნა მზარდია. წელს ზუგდიდისა და ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროებში სამართლებრივი კონსულტაციით 2300-ზე მეტმა პირმა ისარგებლა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება.