რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ფიქსირებას აუცილებლად მიიჩნევს. ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ჩატარებულ რაუნდს ეხება.
"მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ფიქსირების აუცილებლობას ერთის მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს შორის. რესპუბლიკების აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან დაუყოვნებლივ გააფორმოს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, სერგეი ლავროვის უწყება ასევე აღნიშნავს, რომ "შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ შედარებითი სტაბილურობა რუსი მესაზღვრეებისა და ევროკავშირის დამკვირვებლების ერთობლივი ქმედებების წყალობითაა მიღწეული. რეგიონში უსაფრთხოების გამყარებაში კი ასევე თავისი წვლილი შეაქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს".
შეგახსნებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი შეხვედრა ჟენევაში 13-14 დეკემბერს გაიმართება.