დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მიიღებენ.
კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მექანიზმის შესამუშავებლად კონსულტაციებს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართავს.
ოპოციციის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, არჩევნებისათვის თბილისში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა დაარეგისტრიროს.
"ვიდრე საბოლოოდ შევჯერდებით საარჩევნო კოდექსზე, მანამდე ერთხელ და საბოლოოდ უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემა, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების მიერ მოსახლეობის რეგიონებიდან თბილისში ჩამოყვანა, ჩაწერა და თბილისის არჩევნებისათვის მომზადება", _ განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა.
შეხვედრაზე განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც სიები შესაძლოა თავად პოლიტიკურმა პარტიებმა გადაამოწმონ. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოითხოვენ, დროებით შეჩერდეს თბილისში ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ან პირადობის მოწმობები მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაუბრუნდეთ.