ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად აცნობა გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტიდან გასვლის განზრახვის თაობაზე.
როგორც იუწყებიან, აღნიშნული შეტყობინება გაერომ 20 ნოემბერს მიიღო, თუმცა იგი მხოლოდ ორშაბათს, 23 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ტაჯიკეთის რომის სტატუტიდან გასვლა 2027 წლის 20 ნოემბერს შევა ძალაში. მანამდე ტაჯიკეთი დარჩება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრად.
ოქტომბერში, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იდიბეკ კალანდარმა განაცხადა, რომ ჰააგაში სასამართლოს საქმიანობის მზარდი პოლიტიზაცია „თანდათანობით საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას სახელმწიფოთაშორისი დავების გადაწყვეტის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცევს, რითაც უგულებელყოფს დამკვიდრებულ დიპლომატიურ ჩარჩოებს“.
კალანდარის თქმით, ეს „ძირს უთხრის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს, სტატუსს“.
22 ნოემბერს ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ტაჯიკეთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერის შეუსრულებლობის გამო, ქვეყანაში 19-20 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტის დროს.
13 ივლისს ვაშინგტონმა გამოაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყების შესახებ და ჰააგის სასამართლო დაადანაშაულა „აშშ-ს სუვერენიტეტისთვის მიუღებელი საფრთხის“ შექმნაში. განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლომ დაიწყო გამოძიება ამერიკელი სამხედრო და სადაზვერვო პერსონალის წინააღმდეგ და უარს ამბობდა ამ საქმეების დახურვაზე, რათა მოესხა გლობალური არბიტრის მანტია.
18 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სანქციები დააწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტისა და უფროსი პროკურორის, ტომოკო აკანეს და აბდულაიე სეიეს წინააღმდეგ.
„ეს პირები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მცდელობებში, გამოეძიებინათ, დაეპატიმრებინათ, ან სისხლისსამართლებრივი დევნა დაეწყოთ იმ სახელმწიფოების თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც არ ცნობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას“, - განაცხადა რუბიომ.
22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ყველა წევრ სახელმწიფოს, დაეტოვებინათ ორგანიზაცია.
2025 წლის 22 სექტემბერს, ბურკინა ფასოს, მალის და ნიგერის სამხედრო რეჟიმებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის შესახებ განაცხადეს მას „იმპერიალიზმის ხელში ნეოკოლონიური ჩაგვრის ინსტრუმენტი“ უწოდეს. შემდგომში, ჩადმა, ვენესუელამ და ნაურუმაც გამოაცხადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის შესახებ.
2025 წლის მაისში უნგრეთის პარლამენტმაც მიიღო სასამარლოს დატოვების გადაწყვეტილება, თუმცა ვიქტორ ორბანის მარცხისა და ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ბუდაპეშტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაიწვია.