თორღვას აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა დროებით ჩაიკეტა. თოვლის სიმაღლე 40 სანტიმეტრს აღწევს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ომალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტელმან იჭირაულმა განუცხადა, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„თოვლის გამო სამანქანო გზა ჩაიკეტა. მართალია ყინვაა, მაგრამ ზარალი არ არის. არც ზვავსაშიშროების საფრთხეა. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და თოვლმა თუ არ იმატა, საღამოს გზა გაიხსნება. მწყემსებმა უკვე დაიწყეს საზაფხულო საძოვრებიდან ცხვრის ზამთრის საძოვარზე, ელდარში გადარეკვა", - აღნიშნა იჭირაულმა.
გზის გაწმენდის შემდეგ გზაზე მოძრაობა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებით იქნება შესაძლებელი. თოვლის გამო მწყემსებს ცხვრის გადარეკვაც უჭირთ.
თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება.