თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ცურვის ასპარეზობაში საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობების 16 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საფესტივალო გუნდის შემადგენლობაში 1999-2000 წლებში დაბადებული ჭაბუკები და 2000-2002 წლებში დაბადებული გოგონები შედიან.
სპორტსმენთა საფესტივალოდ მზადებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ანგარიში დღეს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ხომასურიძემ წარმოადგინა. მან იმ მოსაგვარებელ საკითხებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც სპორტსმენთა სათანადოდ მომზადებისათვის არის აუცილებელი.
კომიტეტის წევრებმა ყურადღებით მოისმინეს წარმოდგენილი მოხსენება და საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციას გარკვეული პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვეს, რომ ქართველმა მოცურავეებმა ღირსეულად წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა.
მასალის გამოყენების პირობები