რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო გლეხებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში 200-ზე მეტი გლეხი მონაწილეობდა. როგორც აქციის მონაწილეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ყურძენმა ლპობა დაიწყო, ღვინის ქარხნები კი რქაწითელის ჯიშის ყურძენს ამ დრომდე არ იბარებენ.
„ერთი კვირაა უკვე დავდივარ და ყურძენი ვერსად ჩამიბარებია. თელავში, ერთ-ერთი ღვინის ქარხანა რქაწითელს 60 თეთრად იბარებდა. გუშინ ავედით და აღარ ვიბარებთო. მერე ლილოში წავედით, ღვინის ქარხანაში. იქ გვითხრეს, აბსოლუტურად უნაკლო ყურძენს 60 თეთრად ჩვენც ვიბარებდით, ოღონდ მეტი აღარ გვინდაო. სიღნაღის რაიონში არცერთი ღვინის ქარხანა არ იბარებს. ყვარელში წავედით, იქ გვითხრეს 45 თეთრს გადაგიხდითო. ჩაიტანა ჩემმა მეზობელმა 3 კამაზი და უთხრეს, ყურძენი არ ვარგა და თუ გინდა 30 თეთრად მივიღებთო. რა უნდა ექნა, ადგა და ჩააბარა. ლაგოდეხში ვიყავით გასულები, ბაისუბნის ღვინის ქარხანაში და გვითხრეს, 55 თეთრად ჩავიბარებთ, ოღონდ ნახევარ თანხას წლის ბოლოს ან 2012 წლის იანვარში მოგცემთო. ტელევიზორში რომ ლაპარაკობენ მინისტრი, გუბერნატორი და პრეზიდენტი ბრტყელ - ბრტყელს, აქ მოვიდნენ და ნახონ რა დღეში ვართ და რა უბედურებაა", - აღნიშნეს გლეხებმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ნასყიდაშვილი და გამგეობის თანამშრომლები უკმაყოფილო გლეხებს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარს უშლიდნენ.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ტარიელ გაბუნია გლეხების უკმაყოფილებას უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს და მოსავლის დაბინავების პრობლემა არ არის.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქციის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.