"წინ დიდი სამუშაო გველის, თან ნონ-სტოპის რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, უფრო სწორედ, იმ რეჟიმსა და ტემპში, როგორშიც თავად პრეზიდენტი მუშაობს, პრაქტიკულად დასვენების გარეშე", _ ეს არის პირველი განცხადება, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის დღეს დანიშნულმა ე.წ. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ გააკეთა. მას დაავალა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ანქვაბმა ახალი ე.წ. მთავრობის ჩამოყალიბება.
"ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმულირებასთან დაკავშირებით აჩქარება არ ივარგებს. ყველა დანიშვნა სერიოზულად იქნება აწონილ-დაწონილი", _ განაცხადა ლაკერბაიამ და აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა ამ თანამდებობაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ე.წ. ვეტერანების პრობლემების გადაწყვეტა იქნება.
"დიდი სურვილი მაქვს, შევკრიბო ცნობილი მეთაურები, საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, თავდაცვის სამინისტროს არქივის თანამშრომლები და ბოლოს და ბოლოს საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებთან და ომის ინვალიდებთან დაკავშირებული სიტუაცია მოვაგვარო. მინდა, რომ მათ, ვისაც ეს მართლა ეკუთვნის, ჯეროვანი დახმარება მიიღონ სახელმწიფოსგან", _ აცხადებს ახალი ე.წ. პრემიერ-მინისტრი.
ლაკერბაია აფხაზ ჟურნალისტებს კითხვაზე - ექნებათ თუ არა მათ უფლება ე.წ. მთავრობის სხდომები გაშუქონ - პასუხობს: "მინდა, ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყრათ. არავინ ითხოვს თქვენგან ყველაფრის ვარდისფერ ფერებში დახატვას, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელსაც არც პრესამ და არც ჩინოვნიკმა არ უნდა გადააბიჯოს".