გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი, 30-ე შეხვედრა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის ძირითადი დრო მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხს დაეთმო. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სეპარატისტთა და ოკუპანტთა მხრიდან დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა.
"ქართულმა მხარემ შეხვედრაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა, თუმცა რუსეთის მხრიდან ამ პროტესტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ორთვიანი პაუზის შემდეგ სამუშაო ჯგუფის პირველი შეკრება იყო. ქართული მხარე მოლაპარაკებაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის, მოქალაქეთა და პირველ რიგში ავადმყოფთა გადაადგილების შეზღუდვასა და კრიმინალურ ფაქტებზე ამახვილებდა ყურადღებას", _ აცხადებს მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა ვერავითარი კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
შეგახსნებთ, რომ წინა, 29-ე შეხვედრა გალში ივლისში გაიმართა. მასზე აფხაზური მხარე გალის რაიონის მცხოვრების, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტის ჩადენის მუხლით დაკავებული მერაბ ყოლბაიას გათავისუფლებას ითხოვდა.