თელავის საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები დააკვირდებიან.
„არჩევნებს ყველა ზონაში დავაკვირდებით. აუცილებლად გვეყოლება მობილური ჯგუფი და წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ასევე, ჩვენს ოფისში მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი: 8 (350) 27 13 71", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" კახეთის კოორდინატორის ნანა დევიძის თქმით, თელავის საარჩევნო ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად დააკვირდებიან. „ჯერ გეგმის შემუშავების პროცესში ვართ და ვერ დავაკონკრეტებ წარმომადგენელი ყველა საარჩევნო უბანში გვეყოლება თუ არა", - აღნიშნა ნანა დევიძემ.
არჩევნებს მობილური ჯგუფების მეშვეობით დააკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".
2 ოქტომბერს თელავის საარჩევნო ოლქში კახეთის საინფორმაციო ცენტრის 8 ჟურნალისტი იმუშავებს.
2 ოქტომბრის შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში მაჟორიტარი დეპუტატის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის", „ქრისტიან დემოკრატების" და „მრეწველების" კანდიდატები მონაწილეობენ.