6 სექტემბერს, 11:00 საათზე, " პრაიმ თაიმის" პრესკლუბში გაიმართება პრესკონფერენცია ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით. 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში, 6 მაისის პარკში, გაიმართება "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად". ბათუმში ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"- თბილისსა და ქუთაისში მეექვსედ ჩატარდა.
მარათონი ყველაზე წარმატებული ღონისძიება, რომელიც ემსახურება ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას საქართველოში.
აქციის ორგანიზატორია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღობის კავშირი "ჰერა". აქციის მხარდამჭერები არიან საქართველოს პირველი ლედი - სანდრა რულოვსი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტის წევრები, საელჩოები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს კიბოს პრობლემისა, მისი ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობა და მეთოდების შესახებ. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია და აქტიური მონაწილეა საქართველოს პირველი ლედი - სანდრა რულოვსი.
მსგავსი აქციები დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, იტალიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის (http://www.komen.org) დამფუძნებელმა, ნენსი ბრინკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოში მოაწყო აქცია "Race for the Cure", რომლის ქართული ანალოგიაა "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად". აღნიშნულმა აქციამ დიდი გამოხმაურება პოვა ამერიკის მოსახლეობაში და ქვეყანაში ტრადიციად იქცა.
საქართველოში მარათონი პირველად ჩატარდა 2005 წელს, ქუთაისში და მას შემდეგ ყოველწლიურად მისი ჩატარება ტრადიციად იქცა. აღნიშნულ აქციებში მონაწილეობა მიღებული აქვს 300-ზე მეტ ორგანიზაციასა და დაწესებულებას. ხოლო მთლიანობაში, მოცულ იქნა 10 000-ზე მეტი ყველა ასაკის და სქესის მოსახლეობა. ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა მასმედიის მიერ როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული ტელევიზიების საშუალებით. აქციას ბევრი ავტორიტეტული პირი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მეუღლით, საქართველოს პარლამენტის წევრები, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და სხვა.