სამხედრო ექსპერტ თენგიზ ფხალაძის განცხადებით, თურქეთში რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არაა.
"რაკეტსაწინააღმდეგო რადარები არის თავდაცვითი სისტემა და სხვა ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის, თუ რომელიმე ქვეყანა რაკეტების გამოყენებას არ დააპირებს", - განაცხადა ფხალაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნულ რადარებთან დაკავშირებით გაკეთდა კიდეც განმარტებები, რომ ის ირანიდან და ახლო აღმოსავლეთიდან შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად მონტაჟდება.
"რეალურად, საფრთხის შემცველია ყველაფერი, რაც რუსეთს უკავშირდება, რადგან ის აგრძელებს სამხედრო პოტენციალის გაზრდას და ამას მეზობლებზე ზეწოლისთვის იყენებს. "მისტრალი", სამხედრო ბაზების გაძლიერება, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთშიც, რუსეთს კიდევ უფრო საფრთხის შემცველს ხდის. ის აფხაზეთში სამხედრო ბაზის გაძლიერებით, მთელი შავი ზღვის აკვატორიაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, თუმცა თურქეთში რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება იქამდე, თუკი ის რაკეტების გამოყენებას არ დააპირებს", - განაცხადა ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო რადარის განთავსებას დათანხმდა. რადარი განკუთვნილია სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინებითვის. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რადარი თურქეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განლაგდება.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა, რომელიც თავდაცვის საკითხებს კურირებს, განმარტა, რომ რადარის დამონტაჟება მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.