შ.პ.ს. „ევრაზიანსთილსის" ქარხანა „ჰერკულესის" თანამშრომლები ორსაათიან გამაფრთხილებელ გაფიცვას დღეს, 13:00 საათზე დაიწყებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, გამაფრთხილებელი აქციის შესაბამისად, ისინი შეაჩერებენ მუშაობას, დატოვებენ სამუშაო ადგილებს და საწარმოს ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.
"გამაფრთხილებელი აქციის თარიღი, დრო და მოთხოვნები, საგაფიცვო კომიტეტმა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, 31 აგვისტოს, წერილობითი აცნობა შ.პ.ს. ,,ევრაზიანსთილსის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პაატა ჩხენკელს, შ.პ.ს. „ევრაზიანსთილსის" ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის" მენეჯერ რაჯი კუმარ სურეკას, საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს, სოციალურ პარტნიორებს, საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს", - აცხადებენ პროფკავშირებში.
მათივე ინფორმაციით, გაფიცვას ხელმძღვანელებენ „ევრაზიანსთილსის" ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები.
გამაფრთხილებელი გაფიცვის პარალელურად, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, წევრი დარგებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიტინგი.
"პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ქარხანა "ჰერკულესში" წელს, 4 აგვისტოს დაფუძნდა. გადაწყვეტილება მუშებმა საწარმოში არსებული არაადამიანური პირობების გამო მიიღეს. პირობები კი იქ ასეთია: ქარხანაში არ მოქმედებს ტუალეტი; არ არის სასადილო, ადგილიც კი არ არის გამოყოფილი იმისთვის, რომ მუშები შინიდან მოტანილი საკვების მიღებას შეძლონ; ე.წ. მედპუნქტი მხოლოდ დღისით ფუნქციონირებს, მაშინ, როდესაც საწარმოო ტრავმების რისკი ღამით უფრო მაღალია; არ არის გასახდელი, რის გამოც სამოქალაქო ტანსაცმელს მუშაკები ქარხნის გარეთა კედელზე მიჭედებულ ლურსმნებზე კიდებენ; პრობლემაა შესაბამისი სპეცტანსაცმლისა და აღჭურვილობის მომარაგება; თუმცა, ყველაზე დიდ პრობლემას ამ საწარმოში დასაქმებულთა შრომითი კონტრაქტები, სამუშაო დრო, ცვლიანობის გრაფიკი და დატვირთვის შესაბამისი ხელფასის, შვებულებისა და ბიულეტინის თანხის მიღება წარმოადგენს; უკვე სამი წელია არ მომხდარა დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია. პასუხად, ადგილობრივი და დარგობრივი პროფკავშირების არაერთგზის მცდელობისა, შემქნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ქარხნის ადმინისტრაციასთან დიალოგი გაემართა, ადმინისტრაციამ რეპრესიულ მეთოდებს მიმართა. კერძოდ, 11 აგვისტოს სამუშაოდან გაათავისუფლა პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის წევრები: დარეჯან რობაქიძე, ირაკლი სირბილაძე, ირაკლი იობიძე, მამუკა ჯაიანი, გოჩა მელაძე და სარევიზიო კომისიის წევრი კახაბერ ტურაბელიძე. ამასთან, გათავისუფლებულებს შეუთვალეს, რომ, თუკი ახსნა-განმარტებით ბარათს დაწერდნენ, „მოინანიებდნენ, რომ ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია და ამისათვის ბოდიშს მოიხდიდნენ", მათი სამუშაოზე დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა", - განმარტავენ პროფკავშირებში.
შ.პ.ს. ,,ევრაზიანსთილსის" ადმინისტრაციის მხრიდან სახეზეა აშკარა დისკრიმინაციული ქმედება. 21-ე საუკუნის საქართველოში ადამიანები დაისაჯნენ იმისათვის, რომ მოახდინეს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზება, შექმნეს საკუთარი ინტერესების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და თავიანთი შრომითი უფლებების დაცვა მოითხოვეს.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. „,ევრაზიანსთილსის" ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა მიიღეს გადაწყვეტილება, მოაწყონ გამაფრთხილებელი გაფიცვა, გათავისუფლების სამსახურში აღდგენისა და არსებული სამუშაო პირობების გამოსწორების მოთხოვნით, დაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, სრულმასშტაბიანი გაფიცვა გამართონ.