გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში XV-XVI საუკუნეების ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ინგრევა. ეკლესიას სახურავი ჩამოქცეული აქვს, კედლებზე კი ხეებია ამოსული.
„ეკლესია ძალზედ რთულ მდგომარეობაშია. უკვე რამდენიმე წელია რაც სალოცავს სახურავი და კედლების ზედა ნაწილები ჩამონგრეული აქვს. გასულ წელს ეკლესიის მდგომარეობის შესასწავლად გურჯაანის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი იმყოფებოდა, რომელსაც ტაძრის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის უნდა მიეწოდებინა. ამ დრომდე ეკლესიის ბედით არავინ დაინტერესებულა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ახაშენის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზურა შავლიაშვილმა.