დღეს, 26 აგვისტოს, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ე.წ. "პრეზიდენტის პოსტის" დასაკავებლად ერთმანეთს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხარჯიმბა დაუპირისპირდებიან.
35 საარჩევნო ოლქში 172 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აფხაზეთის ე.წ. საპარეზიდენტო არჩევნების დღე, 26 აგვისტო, სეპარატისტთა გადაწყვეტილებით, არასამუშაო დღედ გამოცხადდა.
აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ავადმყოფობის შემდეგ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ლიდერის პოსტის დასაკავებლად მის ორ თანაგუნდელს, სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბის შორის ვითარება ე.წ. წინასაარჩვენო კამპანიის ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა, კერძოდ, დე-ფაქტო პრემიერის შტაბმა ალექსანდრე ანქვაბის წინაააღმდეგ "კომპრომატებად" საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თენგიზ სიგუას ინტერვიუ გამოქვყნა, სადაც იგი ანქვაბს აფხაზეთის ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალს სდებს.
აღნიშნული ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა აბსურდი უწოდა და აღნიშნა, რომ "სიგუას ბოდვის მიხედვით აფხაზი ხალხი თავის არჩევანს არ გააკეთებს".
20 აგვისტოს გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთან ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, სერგეი შამბას მანქანა ავარიაში მოყვა, როდესაც იგი ბიჭვინთაში "ამომრჩველთან" შესახვედრად მიდიოდა. ავარიის დროს ე.წ. პრემიერმა მრავლობითი ტრავმა მიიღო და გაგრის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შამბას საარჩევნო შტაბმა დე-ფაქტო პროკურატურისგან და შსს-ისგან ავარიის გამოძიება მოითხოვა და მისი ხელოვნურად მოწყობის შესახებ ეჭვები გამოთქვა.
სეპარატისტები ე.წ. არჩევნებზე საერთაშორისო დონის სადამკვირვებლო მისიებს რუსეთის ფედერაციიდან, ასევე დსთ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ელოდებიან. თუმცა სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიას მტკიცებით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს აფხაზეთის "არჩევნებზე" მონიტორინგის განხორცილების საშუალება არ მისცენ.
აფხაზური ე.წ. პარლამენტმა მოსაწვევები გაუგზავნა უზბეკეთის სენატის თავმჯდომარესა და საკანონმდებლო პალატის სპიკერს, ტაჯიკეთის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ნიკარაგუას ნაციონალური ასამბლეის პრეზიდენტს, თურქეთის ნაციონალური საკრებულოს სპიკერს, ლატვიის სეიმის თავმჯდომარესა და ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს. გარდა ამისა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს რუსეთის ფედერაციიდან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, არაღიარებული დნესტრისპირეთიდან, ვენესუელიდან, ნაურუდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, სან-მარინოდან, მავრიტანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ელოდებიან.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, მოსკოვს ამ სამ კანდიდატს შორის გამორჩეული ფავორიტი არ ჰყავს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ანქვაბსა და შამბას პოსტის დასაკავებლად მეორე ტურში მოუწიოთ დაპირისპირება.
კონფლიქტოლოგების შეფასებით, რუსეთისთვის შედარებით მისაღები ანქვაბის კანდიდატურაა, რაც შეეხება შამბას, მოსკკოვს მისი ბოლომდე არ სჯერა, რის საფუძვლადაც ამ უკანასკნელის "დასავლური მისწრაფებები" სახელდება.
როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს აფხაზი და ოსი სეპარატისტები რუსეთის ფედარაციის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების სამი წლისთავს აღნიშნავენ.