აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ელოდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგვარება ასე რთული იქნებოდა. მისი თქმით, ინდოეთი, ჩინეთი და ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანაც კი აგრძელებს რუსეთის აგრესიის დაფინანსებას.
ამის შესახებ მან 23 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მეგონა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ არასდროს იცი ომში რა მოხდება... ყველას ეგონა, რომ რუსეთი ამ ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს მხოლოდ სწრაფი შეტაკება იქნებოდა.
რუსეთი კარგად არ გამოიყურება, პირიქით, ცუდად წარმოაჩენს თავს.
ეს ისეთი რამაა, რასაც რამდენიმე დღე უნდა დასჭირვებოდა, რა თქმა უნდა, ერთ კვირაზე ნაკლები, ისინი კი სამწელიწადნახევარია იბრძვიან და ყოველ კვირას 5000-დან 7000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცს კარგავენ, ძირითადად ჯარისკაცებს, ორივე მხრიდან და ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ინდოეთი და ჩინეთი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების გამო. მან დასძინა, რომ ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანაც კი აგრძელებს რუსული ენერგორესურსების შეძენას, რაც უპატიებელია.
„როგორც იცით, ამის შესახებ ორი კვირის წინ გავიგე და მე ბედნიერი არ ვიყავი. დაფიქრდით. ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებენ“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის დაუწესოს რუსეთს ტარიფების ძლიერი პაკეტი
„თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ევროპული ქვეყნები უნდა შემოგვიერთდნენ. ისინი ნავთობსა და გაზს რუსეთისგან ყიდულობენ, მაშინ როცა თავად ომში არიან მასთან. ეს მათთვის სირცხვილია. და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შერცხვათ, როცა ამის შესახებ გავიგე. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ რუსეთიდან ენერგორესურსების შესყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანი დიდ დროს დავკარგავთ. ამიტომ მზად ვარ, ეს საკითხი განვიხილოთ. დღეს ამას აქ შეკრებილ ევროპულ ქვეყნებთან განვიხილავთ“, - განაცხადა ტრამპმა.