ვენეციის კა' ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია, რომელიც 2009 წელს დაიწყო, 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში იყალიის საელჩოდან აცნობეს, აღნიშნული არქეოლოგიური მისიის მუშაობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლში გვიანდელი ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულები) კულტურის შესწავლას. პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ხელმძღვანელობენ პროფესორი ელენა როვა, ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ზურაბ მახარაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა ფუთურიძე.
განახლდება არქეოლოგიური გათხრები ნაცარგორას (ხაშურის რაიონი) ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარში, რომელიც 1984-1987 წლებში გამოიკვლია ქართველმა არქეოლოგმა ა. რამიშვილმა. გაგრძელდება ნიადაგის ზედაპირის შესწავლა და გასულ წლებში დაწყებული არქეომეტრიული ანალიზისთვის საჭირო ნიმუშების შეგროვება. გათხრებში მონაწილეობას მიიღებს 10 იტალიელი და 10 ქართველი მეცნიერი და სტუდენტი.
2011 წლის დეკემბერში იგეგმება სამეცნიერო ნაშრომის I ტომის გამოცემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება აღნიშნული არქეოლოგიური მისიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები: მ. ფუთურიძე, ე. როვა "ხაშური, ნაცარგორა: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამარხები" (შიდა ქართლის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი I, Khashuri Natsargora: The EBA Graves, Brepols Publisher, Turnhout 2011.)