ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ, რომელსაც 2009 წლის იანვრიდან ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი" ფლობს, გაკოტრების საქმე გაიხსნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა" და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" მიმართეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა, 5 აგვისტოს განჩინებით, განცხადება წარმოებაში მიიღო.
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში", კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. კომპანიის თანამშრომლების თქმით, აბონენტები მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან, რის გამოც ორგანიზაციას დავალიანება დაუგროვდა. სინამდვილეში, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია" რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილისგან ელექტროენერგიის გადასახადს საუბნო მრიცხველების ჩვენებით იღებს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს. შესაბამისად, გაურვეველი თანხების დაკისრების შემთხვევაშიც კი აბონენტები იძულებულები ხდებიან ფული გადაიხადონ. „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" იმასაც ამბობენ, რომ ინვესტორი აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, თუმცა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, რეგიონის არცერთ სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები არ მიმდინარეობს.