სტიქიის შედეგად კახეთში 2 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ლაგოდეხის რაიონში მდინარე ლაგოდეხის ხევმა სოფელ რაჭისუბანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. გურჯაანის რაიონში კი სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა მდინარე ჭერმის ხევზე გადის და სოფელში ასვლა ჯერ შეუძლებელია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ რაჭისუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვალერი ცერცვაძემ განუცხადა, სოფელში რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაიტბორა. „ველოდებით „კამაცუს", რომ ხევი გადაკეტოს. წყალი სოფელში მიედინება და უნდა შევაჩეროთ", - აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა.
სოფელ რაჭისუბანში 40, სოფელ ჭერემში კი 20 ოჯახი ცხოვრობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის განცხადებით, მდინარე ჭერმის ხევში წყლის დონე ისევ მაღალია და გზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.