ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალიდან, რომლის ერთ-ერთი უბანიც მთლიანად წყალშია მოქცეული და წყლის დონე სულ უფრო ზემოთ იწევს, ხალხის გამოსაყვანად, შესაძლოა, ავიაცია გახდეს საჭირო.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. როგორც აღნიშნულ ცენტრს რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, მაშველებმა დატბორილი უბნიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
"ლაგოდეხის რაიონში ვარ. შეიძლება ავიაცია დაგვჭირდეს, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ყველა სამსახური მობილიზებულია", - აღნიშნა ღვინიაშვილმა.
ადიდებული მდინარე კაბალისხევიდან წყალი სოფელში შევარდა, სახლები, გზები და ნაკვეთები დატბორა. ხალხი დატბორილი უბნიდან გასვლას ვერ ახერხებს.