რუსეთმა ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს შემცვლელი მოუძებნა. მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალში 13 ნოემბერს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავის კანდიდატად ე.წ. რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი შეარჩია.
"კომერსანტის" ინფორმაციით, ბიბილოვის კანდიდატურას მხარს უჭერენ რუსეთის რეგიონალური სამინისტრო და ძალოვანი უწყებები. უკვე შედგა უწყებათაშორისი შეთანხმება და კანდიდატურა "დასამტკიცებელია" უმაღლეს დონეზე.
"მოსკოვის მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი საპრეზიდენტო არჩევნებზე, სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დახმარების ხარჯზე ცხოვრობს ეს ესმის ადგილობრივ მოსახლეობასაც და თუ ხალხი მხარს დაუჭერს მოსკოვისათვის არარსურველ კანდიდატს მათ ცხცოვრებაში პრობლემები გაიზრდება", - აცხადებს პოლიტიკური კონიუქტურის ცენტრის დირექტორი სერგეი მიხეევი.
მოსკოვის გაღიზიანება ედუარდ კოკითის მიმართ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენისთვის გამოყოფილი 30 მლრდ. რუბლის არამიზნობრივმა ხარჯვამ გამოიწვია.
თავად კოკოითს რესპუბლიკაში გავლენის შესანარჩუნებლად შერჩეული ჰყავდა ორი კანდიდატურა, ე.წ. გენერალური პროკურორი ტაიმურაზ ხუგაევი და საკუთარი ძმა რობერტ კოკოითი, რომლებიც დებზე არიან დაქორწინებულები, მაგრამ მოსკოვმა საკუთარი პროტეჟე შეარჩია.
ანატიოლი ბიბილოვი დაიბადა 1970 წელს ცხინვალში, 1992 წელს დაამთავრა რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი. მონაწილეობდა ე.წ სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში ფსკოვის 76-ე სადესანტო დივიზიის ბატალიონის შემადგენლობაში. 1994-96 წლებში იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის უფროსი. 1996-98 წლებში კიევში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. 1998-2000 წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მსახურობდა ჩრდილეოთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში. აქვს გენერალ მაიორის ტიტული. 2008 წლის ნოემბრიდან არის ე.წ სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი.