18 აგვიტოს ლეგენდარული ჯგუფის, "ბიტლზის" დაარსებიდან 50 წელი სრულდება. 1961 წლის 18 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა "ბითლზის" პირველი კონცერტი. სწორედ ეს დღე ითვლება ჯგუფის დააარსების თარიღად.
ბითლზი (ინგლ. The Beatles) იყო 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბასგიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ე. წ. "ბრიტანული შემოსევის" პიონერი გახდა.
"ბიტლზმა" სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლის შესრულებით დაიწყო, შემდგომში მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა "ბითლომანიის" სახით, მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.
თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკარტნი, ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით "Love Me Do". შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ.
1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე, შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლოკარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლეს ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. მაკარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბიტლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.