გურჯაანში, ე.წ. "გოძიანთეულის" ტერიტორიაზე, რიყის ქვის კენჭისგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, ქანდაკება, სავარაუდოდ, ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხანას განეკუთვნება.
ქანდაკება მიწის დამუშავების დროს იპოვეს. შავი ფერის კენჭი (3X4), ოვალური ფორმისაა და კარგად გათლილ-დამუშავებულია. ზურგის მხარე ბრტყელი და სადაა, ხოლო წინა მხარე ამობურცულია და სხვადასხვა სიგანისა და სიღრმის ჩაჭრილი და ნაკაწრი ხაზებით, ადამიანის სახის ნაკვთებია გამოყვანილი.
"კენჭისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკებები დიდი იშვიათობაა და აქამდე აღმოჩენილია მხოლოდ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, სოფელ არუხლოს გორაზე. აღმოჩენას დიდი მეცნიერული ღირებულება აქვს. "გოძიანთეულის" მიწები უძველესი ნამოსახლარია, რომელიც მრავალ საიდუმლოს ინახავს. აუცილებელია მისი მეცნიერული გამოკვლევა და შესწავლა", - განაცხადა მარკოზაშვილმა.