დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დოდო ჩოხელი გამგებელს, ლაშა ჯანაშვილსა და საკრებულოს წევრს, ზურაბ ოტიაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
"ზურაბ ოტიაშვილი დუშეთის რაიონში ჩამოსულია ფულის საშოვნელად და იშოვა კიდეც. ის არის საკრებულოს რიგითი წევრი, მაგრამ პირადად აკონტროლებს რაიონის ბიუჯეტის ხარჯვას. ყოველწლიურად ტონობით საწვავს ხარჯავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პირადი მოხმარებისთვის. მაგალითად, გასული წლის ზაფხულში (ივლისი, აგვისტო) მის მიერ გახარჯული 5 500 ლარის ღირებულების საწვავის ჩამოწერა მოხდა ოქტომბრის დასაწყისში დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით. მის მიერვე გახარჯული ასობით ლიტრი საწვავის მიწერა ხდება მუნიციპალიტეტის სამსახურებზე, გამგებლის მოადგილეებზე და თვით გამგებელზე, რასაც აქვს სისტემატიური, ყოველთვიური ხასიათი", - აღნიშნავს ჩოხელი.
მისი თქმით, უკვალოდ გაქრა 2009 წელს მთავრობის მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიასთან დაკავშირებით გამოყოფილი საწვავი.
"მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე ხდება ოტიაშვილის პირადი ავტომანქანის საბურავებით და სხვა ნაწილებით უზრუნველყოფაც. ოტიაშვილი აკონტროლებს რაიონში მიმდინარე ყველა პროცესს, რაც ფულის ხარჯვას უკავშირდება, მათ შორის სამშენებლო, სარემონტო სამუშაოს. იგი პირადად აწარმოებს სამშენებლო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს. 2009-2010 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოების 80% შესრულებულ იქნა მის მიერ მოყვანილი, მისივე უახლოესი ადამიანების მიერ. იგი ყოველთვის ერიდება ადგილობრივ მშენებლებთან გარიგებაში შესვლას. როგორ წარმოგიდგენიათ, ნოემბერში შატილის თემში ნაპირსამაგრი სამუშაოს ჩატარება ან გზების შეკეთების სამუშაო, როგორც ეს მოხდა მაგალითად რადიოსადგურ ბაზალეთის გადასასვლელი გზის მონაკვეთზე, რომელიც შესრულდა დეკემბრის ბოლოს, მაშინ, როცა იქ დაახლოებით 20 სანტიმეტრზე თოვლი იდო. ოტიაშვილი ამ საქმიანობას გამგებლის ლაშა ჯანაშვილის ხელშეწყობით ეწევა", - ამბობს ჩოხელი.
ოფიციალური ინფორმაციით, 2009 წლის ნოემბერში, დუშეთის რაიონის სოფელ შატილში გამგეობამ ნაპირსამაგრ სამუშაბზე 9 422 ლარი გახარჯა. შატილის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ამ დროს შატილში ნაპირსამაგრი სამუშაო ვერ ჩატარდებოდა, რადგან დიდი თოვლი იყო.
"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ საჯარო ინფორმაცია შემდეგი ფორმით: 2008, 2009, 2010 წლებში როდის, რომელ თვეში ჩატარდა შატილში ნაპირსამაგრი სამუშაოები; რა თანხით დაფინანსდა სამუშაოები ბიუჯეტიდან", - ამ მოთხოვნით მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა მანანა ვარდიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2011 წლის 3 აგვისტოს მიმართა. გამგეობიდან პასუხი 9 აგვისტოს მივიღეთ: "გაცნობებთ, რომ საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში 2008 - 2010 წლებში შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაო და მშენებელს გადაერიცხა: 2008 წელს (აგვისტო-სექტემბერი) - 36.161 ლარი; 2009 წელს (ნოემბერი) - 9.422 ლარი; 2010 წელს (ივლისი) - 1.672 ლარი". მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი შატილის მაცხოვრებლებს დაუკავშირდა და დააზუსტა, შესაძლებელი იყო თუ არა 2009 წლის ნოემბერში, შატილში ნაპირსამაგრი სამუშაოს ჩატარება. "2009 წლის სექტემბრის ბოლოს შატილობას ვზეიმობდით და კარგად მახსოვს, თითქმის წელამდე თოვლი მოვიდა. იმ წელს გზა გაზაფხულამდე აღარც გახსნილა," - აღნიშნა დავით ჯალაბაურმა.