ომის ვეტერანრები აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ანქვაბის ომამადელ და ომის დროს გაწეული საქმიანობის შესწავლას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "აფსნი პრესი" ავრცელებს.
სოხუმის ცენტრში ომის ვეტერანების მიერ გამართულ აქციაზე მომიტინგეებმა უნდობლობა გამოუცხადეს ალექსანდრე ანქვაბს და იმაში დაადანაშულეს, რომ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოსთან კონფლიქტის პირველ დღეებში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საბრძოლო იარაღის შესახებ იოსელიანს მიაწოდა ინფორმაცია, რაც აფხაზი ხალხის გაყიდვა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესების სასარგებლო ქმედებაა.
შეგახსენებთ: რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა. კიტოვანის თქმით, 1990-იან წლებში ანქვაბი საქართველოს დაზვერვისთვის მუშაობდა და ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა.
"სოხუმის აღების დროს ანქვაბი ქართულ მხარეს ეხმარებოდა, იგი აფხაზური ქვედანაყოფების გადაადგილების მიმართულებებს გადმოგვცემდა", - აცხადებს კიტოვანი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ანქვაბმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კიტოვანის ბოდვა აფხაზი ხალხისთვის მნიშვნელოვანი არ არის.