გიორგი თარგამაძე რეგიონებში სტუმრობას და სოფლებში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობას განაგრძობს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ამჯერად, ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში ჩავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, მთავარი პრობლემები უმუშევრობა და უგზოობაა. მათივე თქმით, ბოლო 8 თვის განმავლობაში სოფელში ერთადერთი ახალშობილი დაიბადა, რაც უმძიმესი სურათის ნათელი მახასიათებელია.
"რეგიონებში ჩასვლისას ჩვენ სისტემატურად ვაწყდებით ათწლეულების განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებს. ამას ემატება დღევანდელი გაუაზრებელი პოლიტიკა და ქართული სოფლის განვითარების ახლო და გრძელვადიანი გეგმების არარსებობა. განსაკუთრებით გულსატკენია ის, რომ გლეხებს და სოფლის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია პერსპექტივის განცდა" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.