კომპანია Universal-ი გაქირავებაში ფილმ "ნაიარევ სახეს" ისევ უშვებს. აშშ-ის სულ მცირე, 475 კინოთეატრში ფილმის დემონსტრირება 2011 წლის 31 აგვისტოდან მოხდება.
ფილმის ვერსია მაღალი ხარისხის, გაუმჯობესებული გახმოვანებით იქნება. ზოგიერთი სეანსის წინ ნაჩვენები იქნება 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოიცავს ფრაგმენტებს ინტერვიუდან ფილმის შემქმნელებთან და მსახიობებთან.
ბრაიან დე პალმის ფილმი გაქირავებაში პირველად 1983 წელს გამოჩნდა. ფილმისთვის სცენარი ოლივერ სტოუნმა დაწერა. ფილმში მონაწილეობენ ალ პაჩინო, სტივენ ბაუერი და მიშელ ფაიფერი.
ფილმი მოგვითხრობს კუბელ ემიგრანტზე, რომელიც მაიამიზე სახლდება და ნარკოკარტელის მეთაური ხდება.
თავდაპირველად ფილმს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა (მათ შორის, ძალადობის სცენების გამო). თუმცა ფილმის გაქირავების ბედი წარმატებული აღმოჩნდა და მისმა შემოსავალმა 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.