ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა, მეწყრით, ხანძრით და სხვა სახის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამის შესაბამისად უსახლკარო, მრავალწევრიან, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სახლები შეუძინა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ხვალ, 17 აგვისტოს გურიის გუბერნატორი ვალერიან ჩიტაიშვილი ამ ოჯახებს ახალმოსახლეობას მიულოცავს.
გამგეობის ინფორმაციით, მერაბ ვადაჭკორიას 8 სულიანი ოჯახი, რომელთა შორის 5 ბავშვია, სოფელ აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეწყრით, ხანძრით და სხვა სახის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში მათთვის 7000 ლარად აკეთში შეიძინა საცხოვრებელი სახლი.
ლანჩხუტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კალმანე გოგუას 8 სულიანი ოჯახი ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 წელია თითქმის დანგრეულ სახლში ცხოვრობდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროგრამის შესაბამისად მათთვის 6700 ლარად ჯურუყვეთშივე შეიძინა სახლი.
ამ პროგრამით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წელს 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.
დასახმარებელი ოჯახების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა, პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ, მრვალსულიან და ალტერნატიული ფართის უქონელ ოჯახებს მიენიჭა.