რუსთავს ახალი ნაგავსაყრელი ექნება. ქალაქიდან 15 კმ-ის დაშორებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძემ დღეს მიმდინარე მშენებლობა პირადად დაათვალიერეს.
ქვეყნის მასშტაბით, მყარი ნარჩენების საკითხის კოორდინაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა. აღნიშნული ნაგავსაყრელი პირველია, რომელშიც მყარი ნარჩენების გადამუშავების შედეგად ბუნებრივი აირის მიღება მოხდება.
ახალ ნაგავსაყრელს ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობა ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის (შვედეთის განვითარების სააგენტო - CIDA, ბრითიშ პეტროლიუმი-BP, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი - IBRD და თურქული კომპანია "გოქშინი") მხარდაჭერით აშენებს, რისთვისაც ქვემო ქართლის ადმინისტრაციამ დონორებისგან დაახლობით 5 მილიონ 550 ათასი ევრო მოიზიდა. სამუშაბს თურქული კომპანია "გოქშინი" ასრულებს. მშენებლობაზე დასაქმებული 100 ადამიანიდან, უმრავლესობა გარდაბნისა და რუსთავის მცხოვრებია.
ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, იაღლუჯის მთის ძირში 1985 წლიდან ფუნქციონირებდა, გასული წლის დეკემბერში გაუქმდა. იგი მოსახლეობასა და ქალაქს მუდმივად უქმნიდა ეკოლოგიურ პრობლემებს. ნარჩენების ნამწვავისგან ჰაერში მავნე ნივთიერებები გამოიყოფოდა და გამონაბოლქვი ქალაქამდე მიდიოდა.
ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია ახალი ნაგავსაყრელის ძირითადი შენობა-ნაგებობის მშენებლობა და მონტაჟდება სპეციალური დანადგარები, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს. ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმით, მსგავსი ნაგავსაყრელები, საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოეწყობა.