"ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, ვანში 65 ჰექტარი საძოვარი გაიყიდა, რომლითაც რაიონში მცხოვრები 2 ათასი კომლი სარგებლობდა.
ადგილობრივების თქმით, პირუტყვის გამოსაკვები ალტერნატიული ადგილი არ არსებობს. მოსახლეობას, რომელიც ამ ფაქტს აპროტესტებს, დღეს საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსი და ვანის საკრებულოს დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე შეხვდა. იგი ვანელებს საკითხის შესაბამის ინსტანციებში გარკვევას და დახმარებას დაჰპირდა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე დღეს ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც მივიდა. ლერი მჟავანაძის განცხადებით, საძოვარი ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და გამგეობა ამ პროცესში არ ჩარეულა.
ვანელების ნაწილის ინფორმაციით, 65 ჰექტარი ტერიტორია, სადაც უკვე ათეულობით უნიკალური ჯიშის ხე გაჩეხეს, სოფელ გადიდის გამგებლის ოჯახმა შეიძინა.