საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესა და ინფორმაციის დეპარტამენტი ქუთაისში დიდი სამამულო ომის მებრძოლების ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას უზნეო ჩვევად აფასებს. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს უზნეო ჩვევა, მუდმივად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში.
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოში პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ხსოვნას და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება ზრუნავს ძეგლებსა და მემორიალებზე. რაც შეეხება ქალაქ ქუთაისში განთავსებულ მებრძოლთა მემორიალს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძეგლი ძლიერ დაზარალდა 90-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები. ამის შედეგად აღნიშნული მემორიალი საჭიროებს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას", _ ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, რომლის შედეგად ოკუპირებულია საქართველოს განუყოფელი ნაწილები,განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. დანგრეული და მთლიანად გადამწვარია მრავალი სოფელი, გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ტოტალური ტერორი და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება.
"განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადება "ფრონტზე თავგანწირვით მებრძოლი მოძმე ხალხების" თაობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ კრემლის ხელისუფალთა გადაწყვეტილების შესახებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამსახურებებს გაუთანაბროს რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და ბანდფორმირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები", _ აღნიშნულია განცხადებაში.