"გაუაზრებელ და ემოციურ გამოხტომას" უწოდებენ აფხაზი სეპარატისტები აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც სენატორები რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შეწყვეტიუსაკენ მოუწოდებენ.
"სიმართლე გითხრათ ჩვენ უკვე დავიღალეთ ასეთი ტიპის რეზოლუციებისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებით. ყოველივე ეს გაუაზრებელ და ემოციურ ნაბიჯად მიგვაჩნია", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია "ეხო კავკასთან" რეზოლუციის კომენტირებისას.
ღვინჯია ასევე აცხადებს, რომ ტერმინი "ოკუპაცია" არ შეესაბამება იმას, რაც დღეს აფხაზეთში რეალურად ხდება.
"თუ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაშინ ვის მიერ იყო ოკუპირებული აფხაზეთი 2008 წლის აგვისტომდე? ხვალ შეიძლება საქართველოში რამე ახალი იდეები გაჩნდეს და ამ იდეებს აშშ-ს სენატი გაახმოვანებს. მე საერთოდ არანაირად არ განვიხილავ ამ რეზოლუციას, ეს უბრალოდ უგუნური პიარ-სვლაა, რომელიც აშშ-ში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაკეთდა", _ აცხადებს ღვინჯია და აშშ-ს სენატორებს ურჩევს "სულელური განცხადებების კეთების ნაცვლად იმ საქმეებით დაკავდნენ, რომლებიც მათ ეკონომიკას ეხება".
ამას გარდა, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ არავითარი შედეგი ამ რეზოლუციის მიღებას არ მოჰყვება.
"ეს პირველი რეზოცუცია არ არის. მანამდე სხვა რეზოლუციებიც იყო. მიმაჩნია, რომ ასეთი ტერმინების გამოყენებისას სენატმა უნდა დაადასტუროს ისინი. საინტერესოა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, როგორ შეიძლება აფხაზეთს მიუსადაგო ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორია" და რა საფუძველს უდებენ ისინი თავიანთ სამხედრო ყოფნას სხვა ქვეყნებში. ამ ლოგიკით, ყველა ქვეყანა, სადაც აშშ-ს სამხედრო ბაზა იმყოფება - ოკუპირებული ტერიტორიაა", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.