"75 ნაბიჯი სამართლიანობისთვის და კეთილდღეობისათვის აფხაზეთში" - ასე ეწოდება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას პროგრამას. მასში თეზისებადაა ჩამოყალიბებული რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტად არჩევის" შემთხვევაში მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
პროგრამაში საუბარია ხელისუფლების სისტემისა და სტრუქტურის რეორგანიზაციაზე, ცვლილებებზე ეკონომიკის სფეროში, რეპატრიაციისა და დემოგრაფიის საკითხების გადაწყვეტაზე, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებზე. განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე. ასევე მედიის მუშაობაზე, უსაფრთხოების გაძლიერებაზე და "ქვეყნის" საგარეო პოლიტიკურ კურსზე.
საინტერესოა ხაჯიმბას პროგრამაში შემავალი ქვეთავი, რომელიც აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებებს ეხევბა: საგარეო პოლიტიკა მივმართავთ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოს აღიარებისათვის საერთაშორისო სამართლის სუბიექტად.
"საგარეო პოლიტიკური კურსის პრიორიტეტი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთხელსაყრელი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების მომავალი განვითარება იქნება. ჩვენ პრინციპულად და პასუხისმგებლობით, ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით სხვა სახელმწიფოებთან ავაშენებთ ურთიერთობებს. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან კონფლიქტის მინიმიზაციისკენ და ამისათვის მივმართავთ ძალისხმევას თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებისკენ", - ნათქვამია პროგრამაში.