შემოდგომაზე, "ბოლივუდი" საქართველოში ორი ფილმის გადაღებას იწყებს. პირველი ფილმი ცნობილი ინდური ბლოკბასტერის, განგსტერული ტრილერის "ბილა 1"-ის გაგრძელება იქნება, რომელშიც მთავარ როლებს ორი ქართველი მსახიობი, თემიკო ჭიჭინაძე და ზურა შარია შეასრულებენ. ფილმის გადაღებები ორ კვირას გაგრძელდება.
"ოქტომბერში დაიწყება ცნობილი ინდური ფილმის "ბილა" მეორე ნაწილის გადაღებაზე მუშაობა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ქართველი მსახიობებიც იქნებიან დაკავებული ფილმში, ასევე ჩართული იქნებიან ქართველი კინომატოგრაფისტებიც. რომლებიც გაუზიარებენ გამოცდილებას ფილმის გადაღების დროს. ფილმი ნაჩვენები იქნება ინდოეთის გარდა აზიის სხვადასხვა ქვეყნების კინოეკრანებზე. რაც თავისთავად საქართველოში ტურისტების ნაკადის გაზრდას გამოიწვევს, როგორც ინდოეთიდან ასევე აზიის სხვა ქვეყნებიდან," - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.
რაც შეეხება მეორე ფილმს, რომელიც კომედიური ჟანრისაა, მისი სახელი ჯერ არაა შერჩეული. თუმცა ცნობილია, რომ ფილმის გადაღებები 65 დღეს გასტანს და მონაწილეთა 50 პროცენტი ქართველი მსახიობებისგან იქნება დაკომპლექტებული.
,,ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მსოფლიოში უდიდესი კინო-ინდუსტრია "ბოლივუდი" საქართველოთი დაინტერესდეს. პირველ რიგში ის, რომ აქ არ არის კორუფცია. ინდოელი პროდიუსერები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მოხიბლულნი არიან საქართველოში საზოგადოებრივი და ეკონომიკური წესრიგით. ისინი ამბობენ, რომ აქ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ისინი სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირად არიან დაცულები," - აცხადებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა.
შეგახსენებთ, რომ ინდური კინო-ინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით უკვე მეორედ ჩამოვიდნენ. საქართველოს საინვესტიციო სააგენტო მათთან უკვე 6 თვეა აქტიურად თანამშრომლობს. ინდოელი პროდიუსერების მთავარი მიზანია, დაამყარონ ურთიერთობები კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან. ინდოელმა კინო-პროდიუსერებმა უკვე გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი წამყვან მედია სახლთან "მეტრო სტუდიო," რომელიც შემდეგ ხელს შეუწყობს "ბოლივუდელი" პროდიუსერების თანამშრომლობას სხვადასხვა კომპანიებთან. მათ შორის "ქართულ ფილმთან."