ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" ავსტრიის ჩემპიონს, გრაცის "შტურმს" დაუპირისპირდება.
შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთები სტადიონის სალაროებში დღეიდან გაიყიდება და მისი ღირებულება 5-10 ლარი იქნება, მატჩის თბილისში ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ზესტაფონის საშინაო არენას უეფამ დისკვალიფიკაცია მისცა.
"ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძის განცხადებით, "შტურმი" საკმაოდ ძალისმიერ სტილში მოთამაშე გუნდია.
"მათი ძლიერი მხარე ორთაბრძოლებია, თუმცა ჰყავთ კრეატიული, შემქმნელი ფეხბურთელები, ასე რომ იოლი შეხვედრა არ გველის. ეს ის გუნდია, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში მობილიზებული და მინდორზე არაფრის დათმობას არ აპირებს", - განაცხადა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გეგუჩაძემ.
განმეორებითი შეხვედრა ავსტრიაში ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.