ხელისუფლება საკრებულოებში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო 5-კაციან კვოტაზე უარს ამბობს. ამის შესახებ გადაწყვეტილება "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გაჟღერდა.
საპარლამენტო უმრავლსობა დაეთანხმა "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნას _ ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა რაოდენობა 3-დან 5-მდე არ გაიზარდოს და გადაწყდა, რომ საკრებულოებში ფრაქციის შექმნა საკრებულოში კვლავ სამ დეპუტატს შეეძლება.
შეთანხმებას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური აქტივობებისთვის მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, პოლიტიკურ ძალებს უფრო მეტი როლის შესრულების საშუალება უნდა მიეცეთ.
"ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ" კანონპროექტის თანახმად, საკრებულოებში ფრაქციის შექმნის მიზნით, 5 დეპუტატი უნდა გაერთიანებულიყო.