უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას რეგისტრირებული ავიაკომპანიების საქმეების გადახედვას და რეგისტრაციის გამკაცრებას თხოვს. ამის შესახებ განცხადება გიორგი თარგამაძემ დღეს სესიაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დღეს არ კეთდება განცხადებები, თუმცა გიორგი თარგამაძემ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამონაკლისის დაშვება ითხოვა. საკითხი კი რამდენიმე დღის წინ ტაივანის ხელისუფლების მიერ საქართევლოში რეგისტრირებული თვითმფრინავის დაკავების ფაქტს ეხება.
თვითმფრინავზე, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული და რეალურად მისი მფლობელის გარკვევა ჯერ კიდევ ჭირს აღმოჩენილი იქნა უკანონო იარაღი და როგორც თარგამაძე აღნიშნავს, "იარაღის უკანონო ვაჭრობაში საქართველო აღმოჩნდა ჩათრეული".
თარგამაძის თქმით, ამ ფაქტს რუსეთი იყენებს საქართველოს წინააღმდეგ ძალიან ცუდად.
"ახლა, როდესაც ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა, ყოველი ასეთი ფაქტი საქართველოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და ეს არც არის გასაკვირი. გასაკვირი არის ის, რომ როგორც აღმოჩნდა საქართველოში რეგისტრირებული ყოფილა 18 ავიაკომპანია, საიდანაც დიდი უმეტესობა საერთოდ უცნობია. ეს კი განაპირობა იმან, რომ ავიაკომპანიის რეგისტრაცია ძალზე გამარტივებულია", - აცხადებს თარგამაძე.
მისი თქმით, ხელისუფელბამ დაუშვა შეცდომა, როდესაც ცოტა ხნის წინ კანონმდებლობიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც ავიაკომპანიების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ითვალისწინებდა იმას, რომ კომპანიის 50 პროცენტის მფლობელი საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო.
თარგამაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხისადმი ასეთი ლიბერალური მიდგომა ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის და ხელისუფლებას დაუყონებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
იგი ითხოვს, რომ ერთი მხრივ გადახედილი იქნას უკვე რეგისტრირებული კომპანიების საქმეები და მეორეს მხრივ ხელისუფლებამ იმუშაოს რეგისტრაციის საკანონმდებლო დონეზე გამკაცრებისათვის. აღსანიშნავია რომ თარგამაძის ამ განცხადებას უმრავლესობის მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია.